უფლებადამცველები ტვ “პირველის” და ტვ “პირველი” უფლებადამცველების წინააღმდეგ

2759
წაკითხვა/ნახვა

ცალკეული უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების შეშფოთება გამოიწვია ტვ “პირველი”-ს ეთერში გასულმა ინფორმაციამ ლიზა ქისტაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

შეშფოთების საგანს კი წარმოადგენდა ის, რომ მათი თქმით, ტელეარხმა ამბავი ჯერ კიდევ მაშინ გაავრცელა, როდესაც  ოფიციალურად არ იყო დადასტურებული და ეს ინფორმაცია გარდაცვლილის დედასაც კი არ ჰქონდა.

უფლებადამცველების შეფასებით, ეს იყო ყველა მედიასტანდარტის დარღვევა და წითელი ხაზის გადაკვეთა.

კრიტიკას გამოეხმაურა ტვ “პირველი”-ს ახალი ამბების მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:

“რა სიტყვებით აღარ ილანძღებოდნენ, “კოლეგები” და “უფლებადამცველები” , იცოდნენ რომ რაც რამდენიმე მედიამ, მათ შორის ტვ პირველმა მოყვა ეთერში, იყო სიმართლე, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე კი ოფიციალური დადასტურება ვერ იქნებოდა. ამის მიუხედავად რა აღარ წერეს, არც ერთ სამთავრობო არხს არ უკადრია ის, რაც მათ იკადრეს.“- წერს ნოდარ მელაძე.

მელაძის ამ პოსტს გამოეხმაურა უფლებადამცველი იდა ბახტურიძე:


“ნოდარ მელაძის ნიშნის მოგების პოსტი საერთოდ რა დონის ბოროტებაა, ვერც აღვწერ და ამ პოსტზე მისი კოლეგების დუმილი, საერთოდ თავზარდამცემი.

ღმერთმა დაიფაროს და ფეხი რომ გადაგვიბრუნდეს, ეს კაცი ნეკროლოგს გამოაცხობს. ემიგრანტ დედაჩემს ჩემზე ადრე მოკლავს იქ და მერე სიკვდილი რომ დადასტურდეს, მოვა და მე მომკლავს. აი, ამის გამკეთებელიცაა, უკვე ვრწმუნდები.

და მთელი მედია სექტორის უდიდესი სირცხვილია ეს კაცი, ყველას შეურაცხგყოფთ და თქვენ დუმხართ. ტეხავს”- წერს ბახტურიძე, რასაც ასევე საპასუხო პოსტით კვლავ ნოდარ მელაძე გამოეხმაურა:

“უფლებადამცველი” კი არა მათზე დიდი სიძულვილის გამღვივებელი არ არსებობს ამ სივრცეში. მატყუარა, ცრუ!!! ცეცხლს წაუკიდებენ ნებისმიერს მათ, რომ ძალაუფლება ჰქონდეთ.

არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით სიძულვილს აღვივებენ და ამით იკვებებიან. მათ მიერ პროვიცირებული დაპირისპირებით, აზიანებენ მთელს არასამთავრობო სექტორს.

ხვალ ან ერთს ან მეორეს როგორ უნდა დავუჯერო რაიმე მათი გავრცელებული ამბავი, ამ პოსტში იმდენი სიცრუე წერია!”– წერს ნოდარ მელაძე.

IMG.GE
გაზიარება