მე გთავაზობთ, დავორგანიზდეთ და წავიდეთ ყველა ერთად ყვარელში, მოვუსმინოთ და მსურველებს მოვასმენინოთ ლევან ბერძენიშვილის ლექცია

3305
წაკითხვა/ნახვა

მე გთავაზობთ, დავორგანიზდეთ და წავიდეთ ყველა ერთად ყვარელში, მოვუსმინოთ და მსურველებს მოვასმენინოთ ლევან ბერძენიშვილის ლექცია”- წერს სოციალურ ქსელში ელენე ხოშტარია და ეხმიანება 15 იანვარს მომხდარ ინციდენტს, როდესაც ლევან ბერძენიშვილს ყვარელში ლექცია ჩაუშალეს.

“ტყუილი –  ასე ჰქვია იმ გალავანს, რომელსაც აგურ-აგურ გვიშენებს რეჟიმი, რომლის ცემენტს ზოგჯერ ჩვენვე გვაზელინებს, სანამ კედელს შეამაგრებს და რომელშიც უნდა გამოვიკეტოთ. გამოვიკეტოთ წარსულის იმ ეროვნული და ევროპული ტრადიციებისგან, რომელიც თავისუფლებას, მრავალფეროვნებას და განვითარებას ქმნიდა საუკუნის დასაწყისში და გამოვიკეტოთ ევროპული მომავლისგან, რომელიც ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ შუაში კედელი შენდება.

ტყუილია, რომ ყვარელმა არ მიიღო ლევან ბერძენიშვილი, პირიქით, მას იქ ელოდებოდნენ. ამიტომ დააორგანიზეს ხალხი, დაავალეს მიდითო, პოლიციას აუკრძალეს საკუთარი ფუნქციის შესრულება.

ტყუილია, რომ ისტორიაზე არ შეიძლება მსჯელობა ან ვინმე ამ მსჯელობისგან ბრაზდება და გიჟდება და გამორბის სახლიდან. ტყუილია, რომ ისეთი ველურები ვართ, თითქოს არ შეგვიძლია ძალადობის გარეშე საკითხების გადაჭრა და აუცილებლად უნდა მივუვარდეთ ერათმანეთს.

ტყუილია, მაგრამ კარგად ორგანიზებული. ტყუილი იყო დავით გარეჯი წაგვართვეს, ტყუილია, რომ რუსთაველზე ძალადობით დარჭობილი რკინის კონსტრუქცია ჯვარია ან რამე კავშირი აქვს რელიგიასთან. ტყუილია, როდესაც შედიხარ სასამართლო დარბაზში და ვინც იქ ზის მოსამართლეა,

ტყუილია, რომ რუსთაველზე, პარლამენტის შენობაში შეკრებილი ხალხი პარლამენტია, ტყუილია, რომ ვინმე ომში გვითრევს. ეს მხოლოდ ის ტყუილებია, რომელიც აბსოლუტურად ყველამ, შემსრულებელმაც და დამკვირვებელმაც ვიცით, რომ ასეა. ეს არ არის განსხვავებული აზრი, ფაქტობრივი ტყუილია, მოგონილი და დაორგანიზებული.

სიმართლე არის ის იარაღი, რომელიც ამ კედელს არ ააშენებინებს. ამას კონკრეტული გამოვლინება აქვს, სიმართლე არ არის აბსტრაქტული, ფაქტია. ამიტომ რეჟიმთან ბრძოლაში, ტყუილის არდაჯერება, არმიღება, არმონაწილეობა, ’არდაკიდება’, უკვე იარაღია. თან ყოველ ჯერზე, რადგან ყოველ ჯერზე, როცა არ ვამბობთ სიმართლეს ის კედელი იზრდება და მერე ერთიანად დანგრევა ბევრად უფრო რთული იქნება.

ამ კონკრეტული ტყუილის შემთხვევაში, მე გთავაზობთ დავორგანიზდეთ და წავიდეთ ყველა ერთად ყვარელში, ვიყოთ ბევრნი და მოვუსმინოთ და მსურველებს მოვასმენინოთ ლევან ბერძენიშვილის ლექცია მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამ ტყუილის კიდევ ერთი აგური ვერ დაარჭონ ამ გალავანს.

ვეკამათოთ ბატონ ლევანს, თუ ასეთი სურვილი გვაქვს, მაგრამ არ გავატაროთ ეს ტყუილი და არ მივიღოთ ამ სახით მომაწილეობა ჩვენი მომავლის ნგრევაში.

თქვენ დამშვიდებას ვერ გაკადრებთ, მაგრამ პატივისცემას გამოვხატავ, ვისარგებლებ მომენტით“- წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

 

IMG.GE
გაზიარება