პოლონეთის სეიმმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

278
წაკითხვა/ნახვა

პოლონეთის სეიმმა (პოლონეთის ეროვნული ასამბლეის ქვედა პალატა) თავმჯდომარე ელჟებეტა ვიტეკის ხელმძღვანელობით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ვკითხულობთ:

“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დრამატული მდგომარეობის შესახებ შემაშფოთებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მათ შორის სამედიცინო დიაგნოზების, რომლებიც ადასტურებენ მისი ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესებას, სასწრაფო სპეციალიზებული მკურნალობის დაწყების აუცილებლობის გათვალისწინებით, რომლის განხორციელება შეუძლებელია საქართველოში სათანადო სამედიცინო საშუალებების უკმარისობის გამო, ქართველების პროევროპული განწყობების ფორმირებაში მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელოვანი წვლილის გათვალისწინებით, რომლის შედეგადაც საქართველოს ხელისუფლების მიერ 2022 წელს შეტანილ იქნა ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ მკურნალობის, რეაბილიტაციის და გამოჯანმრთელების შემდეგ ის მზადაა დაბრუნდეს ქვეყანაში და წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და ადასტურებს რა, მზადყოფნას განაგრძოს მტკიცე თანამშრომლობა და საქმიანობა საქართველოს განვითარებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან გაერთიანებისთვის.

პოლონეთის რესპუბლიკის სეიმი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო პრინციპებით, რომელთა თანახმადაც, უზენაეს ღირებულებას წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიეცეს მიხეილ სააკაშვილს აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა, მსოფლიო სტანდარტების უზრუნველყოფით, ექიმების რეკომენდაციების მიხედვით, ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მეგობრებს სოლიდარობისა და ინტენსიური ქმედებებისკენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.”- ნათქვამია სეიმის რეზოლუციის ტექსტში, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე ელჟებეტა ვიტეკი.

რეზოლუციის ქართულენოვან ტექსტს აქვეყნებს პოლონეთის საელჩო საქართველოში.

https://www.facebook.com/polish.embassy.tbilisi/posts/pfbid0388LKry9SVRuU3F4sqNpdx6Xr5dR2tbTyRTTvh42qmunT28px9putbHYbsy3br9HAl

IMG.GE
გაზიარება