თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა

1516
წაკითხვა/ნახვა

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა კონვენციის მეორე მუხლის მიზნებისთვის ეფექტიანი და დეტალური გამოძიების ჩატარების მოთხოვნები. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები დასკვნისთვის, გონივრული ეჭვის მიღმა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა სახელმწიფოს პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ გარემოებებში.

სასამართლომ ასევე უარყო მოსარჩელის საჩივარი სასტიკი მოპყრობის შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.

სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზის თანახმად, მოსამართლეთა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ასპექტის დარღვევას.

ასევე, პალატამ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მეორე მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი ასპექტის დარღვევას.

სასამართლომ გადაწყვეტილებით, საქართველოს სახელმწიფომ მოსარჩელეებს ერთობლივად უნდა გადაუხადოს 10 ათასი ევრო არამატერიალური ზიანისთვის და 15 ათასი ევრო სასამართლოს ხარჯების დასაფარად.

იხილეთ სასამართლოს გადაწყვეტილების რელიზი ორიგინალ ენაზე ან გადმოწერეთ დოკუმენტი PDF ფორმატში.

IMG.GE
გაზიარება