მშობლების მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდას უვადო პატიმრობა მიესაჯა

198
წაკითხვა/ნახვა

მშობლების მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 30 წლის გიორგი ბეროზაშვილს სასამართლომ თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.

ამასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა ინფორმაციასა და განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ:

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა წლების მანძილეზე მშობლებთან პირადი კონფლიქტის და უთანხმოების გამო, მათი მოკვლა განიზრახა. მან უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და 27 აპრილს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახის სხვა წევრების სახლიდან წასვლას დაელოდა, რის შემდეგაც, მამის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მძინარე მამას თავის არეში ესროლა. შემდეგ კი, მის მიერ უკანონოდ შეძენილი სხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მძინარე დედას ასევე თავის არეში მიაყენა ჭრილობა.

მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ.
მკვლელობის შემდეგ, კვალის წაშლის მიზნით, ბრალდებულმა სახლში ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო; დანაშაულის დაფარვის მიზნით, საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და ბუნებრივი აირის ონკანი გახსნა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2022 წლის 28 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების უვადოდ აღკვეთა განუსაზღვრა.”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გიორგი ბეროზაშვილი პოლიციელი იყო.

IMG.GE
გაზიარება