პატიმარი რომან შამათავა განმარტავს, თუ რატომ უჭერს მხარს ლევან ხაბეიშვილს

1202
წაკითხვა/ნახვა

პატიმარი რომან შამათავა განმარტავს, თუ რატომ უჭერს მხარს ლევან ხაბეიშვილს. წერილში, რომელსაც “ფორმულა” ავრცელებს, ვკითხულობთ:

ჩემთან შესახვედრად, მხოლოდ ის ადამიანები შემოდიან, ვისაც ვთვლი მეგობრად. მიშა სააკაშვილის მტრებს, ჩემთან არაფერი ესაქმებათ.

ლევან ხაბეიშვილს მხარს ვუჭერ იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიაში, არ გაიმარჯვოს მიშას მტერმა. ქვეყნის ფარგლებს გარეთაც აკვირდებიან პროცესებს და ჩვენ არ დავუშვებთ, არ უნდა დავუშვათ, ღალატის გამარჯვება. არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ ვხედავ და ვაანალიზებ, რომ ჩვენი მტრების ამოცანა, სწორედ ეს არის.”- წერს რომან შამათავა.

რომან შამათავას სისხლის სამართლის საქმე:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით (საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით) სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.

საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებების შედეგების მიხედვით, 2008 წლის აგვისტოს რომან შამათავამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის, პაატა ქარდავას თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ქალაქ ბათუმში ჩაყვანა დაავალა.

მიღებული დავალების შესაბამისად, 2008 წლის 27 აგვისტოს, ქალაქ ზუგდიდში მდებარე ფოსტის შენობის მიმდებარედ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერს პაატა ქარდავას, რომელიც პირად სარგებლობაში არსებული „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. გამოძიების ინფორმაციით, პაატა ქარდავა ქალაქ ფოთის მიმართულებით წაიყვანეს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის მიმდებარედ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ხელბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა „ნივის“ მარკის ავტომანქანაში გადასვეს, რომლითაც ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკვეთილში გადაიყვანეს, სადაც რომან შამათავას და მის თანამზრახველებს გადასცეს, ხოლო პაატა ქარდავას სარგებლობაში არსებული ავტომანქანა, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა კვალის არევის მიზნით ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში დატოვეს.

შსს-ს ცნობით, რომან შამათავამ და მისმა თანამზრახველებმა პაატა ქარდავა  ქალაქ ბათუმში გადაიყვანეს და  შავი ზღვის ნავმისადგომთან მიიყვანეს, სადაც რომან შამათავა პაატა ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა (ამას ქარდავა კატეგორიულად უარყოფდა), რის შემდეგაც მან პაატა ქარდავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„რომან შამათავას დავალებით, მას და მისი ჯგუფის წევრებს ნავმისადგომთან  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს მოტორიანი ნავი ელოდებოდა, რომელსაც ამავე დანაყოფის თანამშრომელი მართავდა. ბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა აღნიშნულ ნავში ჩასვეს, რომან შამათავამ მას ფეხზე ბეტონის ნატეხი მოაბა და შავი ზღვის სიღრმეში დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე შევიდნენ, რა დროსაც რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით პაატა ქარდავა მოკლა და ცხედარი ზღვაში გადააგდო“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

რაც რომან შამთავას მეორე საქმეს, დავით ცინდელიანის მკვლელობა: 

“თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლისა და სატყეო სააგენტოს რეინჯერის, დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას კვალი 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში დაიკარგა.

2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იმჟამინდელი კუდის ხელმძღვანელობისაგან მიიღო დავალება, რომ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მცხოვრები, მეტყევე-რეინჯერი დათო ცინდელიანი ჩამოეყვანა სვანეთიდან ქალაქ თბილისში. მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, დათო ცინდელიანი აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობდა.

მოგვიანებით, ტელეფონით მიღებული დავალების შესაბამისად, დათო ცინდელიანი ნაცვლად ქალაქ თბილისისა ჩაიყვანეს ქალაქ ბათუმში და გადასცეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროს რომან შამათავას.

ამავე ინფორმაციით, რომან შამათავამ დათო ცინდელიანი ნავში ჩასვა, ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა, ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო.”

IMG.GE
გაზიარება