ეს არ არის მხოლოდ ერთი ჯგუფი, ასეთი ჯგუფი არაერთია და მათი მთავარი მიზანია, ევროპისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ერი და ქვეყანა, როგორმე წარუმატებლები ვიყოთ

355
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„ჩვენ ვიცით, მაგრამ ახლა უკვე ჩვენი საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლობისტები, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც მოიაზრება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორ ორგანიზაციად, პოლიტიკურ ოჯახად, როგორც ამას ეძახიან და ლობისტად, ყველაფერს ცდილობს, რომ ქართველმა ხალხმა, ჩვენმა ქვეყანამ, სახელმწიფომ არ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.”- განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის მიერ ამ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

“რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ ერთი ჯგუფი, ასეთი ჯგუფი არაერთია და მათი მთავარი მიზანია, ევროპისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ერი და ქვეყანა, როგორმე წარუმატებლები ვიყოთ. ამჟამად, მათი მთავარი მიზანი, მათ შორის „ევროპის სახალხო პარტიის“ მიზანი გახლავთ, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი. ეს განცხადებაც სწორედ აქეთ არის მიმართული, რომელიც რბილად რომ ვთქვა, საკმაოდ აბსურდულია. სამარცხვინოცაა, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ უკვე აღარ მალავს, რომ მისი ოფიციალური განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის შემუშავებული. ეს ამ განცხადებას სათაურად აქვს წამძღვარებული.

რბილად რომ ვთქვა, ასევე გაუგებარია, რომ იმ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე აქვს მისჯილი წლების გარკვეული ოდენობა საპატიმროში მოსახდელად, ვგულისხმობ პატიმარ სააკაშვილს, „ევროპის სახალხო პარტია“ კვლავ მიიჩნევს დიდ დემოკრატად. ამ დროს ის არის ადამიანი, რომელიც აქვე, რამდენიმე მეტრში, რუსთაველის გამზირზე არბევდა ჩვენს ხალხს, სცემდა, აწამებდა ციხეებში პატიმრებს და მას ჰქონდა, რომ იტყვიან, ძალიან მძიმე ხელი მართვისას. ძალადობრივი მეთოდით მართავდა ჩვენს ქვეყანას.

შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, არა მხოლოდ მთავრობამ, საზოგადოებამ, ვიყოთ ერთიანი, მეტად შეკრულები ჩვენს სულისკვეთებაში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. როგორც აქამდე ვაკეთებდით, გავაათმაგოთ ძალისხმევა, რათა ევროკავშირის შესაბამისმა ხელმძღვანელმა პირებმა მიიღონ ის ერთადერთი სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება გადაწყვეტილება. სწორი ისტორიულად, კულტურულად და სამართლებრივად, რაც გულისხმობს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს თუ მოხდება „ევროპის სახალხო პარტიის“ და სხვათა ძალისხმევის შედეგად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება შესაბამისი შეფასებებიც, მაგრამ იმედი მაქვს, ასე არ მოხდება“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE