ნიკა მელია “ევროპის სახალხო პარტიის” კონგრესზე სიტყვით გამოვიდა (ვიდეო ქართულად)

331
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას სიტყვა როტერდამში, “ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) კონგრესზე.

“ჩვენ ყველა ვგრძნობთ , რომ უახლოესი დღეები, კვირები და თვეები სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური თვალსაზრისით თუ უკრაინაში და მის მიღმა – შეცვლის ჩვენი კონტინენტის ბედს და მაინც, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ არ ვიცოდით. ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, რადგან უკრაინა არ არის კგბ-ის ოფიცერ პუტინის პირველი მსხვერპლი.

2008 წელს ის თავს დაესხა ჩემს ქვეყანას, რომლის 20% დღემდე ოკუპირებულია. ზოგიერთები დასავლეთში აცხადებდნენ, რომ საქართველო იყო აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ. რა შეცდომაა! რა სიცრუეა!

პუტინისთვის საქართველო 2008 წელს იყო მხოლოდ მოთელვა 2014 და 2022 წლის წინ.რატომ იყო დასავლეთი ასეთი ყრუ? რატომ იყო დასავლეთი ასეთი ბრმა ? რატომ არ სურს დღესაც ზოგიერთ დასავლეთელ ლიდერს, დიქტატორს უწოდოს დიქტატორი? და ბოლოს და ბოლოს ყვავს უწოდოს ყვავი? რეალიზმის, და ზოგჯერ გამბედაობის არქონას მივყავართ ტრაგიკულ შედეგებამდე. უკრაინა.

და ახლა ისევ საქართველოც. საკუთარ თავზე შეყვარებულმა გაზპრომის ოლიგარქმა მიიტაცა ქართული სახელმწიფო და ქვეყანას თავის პირად საკუთრებად მიიჩნევს.
ზუსტად ერთი წლის წინ ვიყავი ციხეში. სწორედ ევროკავშირი იყო ის, ვინც გადაიხადა ჩემი გირაო, როგორც ჩემი თავისუფლების ფასი.

თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ დამნაშავე ვარ. დამნაშავე ვარ, რომ წარმოვადგენ მათ, ვისაც სჯერა ევროპული და დემოკრატიული საქართველოსი.

დამნაშავე ვარ, რომ ვიცავ მთავრობის პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მსხვერპლებს: პოლიტიკურ ლიდერს, როგორიც არის საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანა ამოიყვანა პოსტ-საბჭოთა სიბნელიდან, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც პირველი აღუდგა წინ პუტინის იმპერიალისტურ ოცნებას რეგიონში სრულ დომინაციაზე, და რომელიც დღეს, ზუსტად ამ დროს, როდესაც მე თქვენ მოგმართავთ, სიკვდილის პირას მყოფი, საკუთარ აჩრდილად არის ქცეული, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად.

საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს, როგორიც არის ოლიგარქიული რეჟიმის კრიტიკისთვის ახლახანს დაპატიმრებული მთავარი დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია. გადამეტების გარეშე, ის დაპატიმრებულია, რადგან ძალიან აქტიურია რეჟიმის წინააღმდეგ.

დამნაშავე ვარ, რომ წარმოვადგენ ჩემს თანამოქალაქეებს, რომლებსაც რცხვენიათ, რომ საკუთარ ხელისუფლებას ვერ ხედავენ უკრაინისა და უკრაინელებისადმი მიმართულ საყოველთაო ტალღაში.

და ბოლოს, დამნაშავე ვარ, რომ უარს ვაცხადებ დავინახო, თუ როგორ ეშვება ჩემი ქვეყანა პუტინის მიერ დაპირებული ახალი რკინის ფარდის ბნელ მხარეს.
ბატონო პრეზიდენტო,

თქვენ, მე და სხვებმა ამ დარბაზში კარგად ვიცით რუსული ბატონობის ფასი.
არც სიცოცხლე, არც მომავალი, არც იმედი. ასე რომ, ქართველ ხალხს, ისე როგორც არასდროს, გვინდა ევროპა. ჩვენ გვჭირდება ევროპის თანადგომა, რომ დავამარცხოთ სახელმწიფოს მიტაცება.

ჩვენ გვინდა ევროპა, რადგან ჯერ კიდევ ვოცნებობთ თავისუფლებაზე, საერთო კეთილდღეობაზე, მშვიდობიან მომავალზე.

ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს, გაუღოს კარი საქართველოს. ვიცით, რომ ეს გზა იქნება გრძელი და რთული, დაბრკოლებებით სავსე, მაგრამ ჩვენ ის ერთად უნდა გავიაროთ. დღევანდელი ოლიგარქიული რეჟიმი არის მძიმე დაბრკოლება, მაგრამ თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ ამასაც გადავლახავთ.

ზოგიერთებს უნდათ, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ბრძოლა ევროკავშირისთვის, მაგრამ ჩვენ არასდროს შევწყვეტთ ბრძოლას ევროპული ფასეულობებისათვის, ჩვენ არასდროს გავიქცევით, ჩვენ არასდროს მივყვებით დინებას!”- განაცხადა ნიკა მელიამ.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE