7 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან – კახა კალაძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

143
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

2015 წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიიდან დღეს 7 წელი გავიდა. ამ ტრაგიკულ ღამეს მოსულმა უხვმა ნალექმა ვერეს ხეობა დატბორა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 2 პირი დღემდე დაკარგულად ითვლება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საკრებულოს
თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, თბილისის მერი კახა კალაძე ჭაბუა
ამირეჯიბის გზატკეცილზე, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის
მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კახა კალაძემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ 2015 წლის 13
ივნისს დედაქალაქისთვის უმძიმესი დილა გათენდა.

„13 ივნისის ტრაგედიიდან შვიდი წელი გავიდა. ღამე, რომელიც უმძიმესი იყო ჩვენი
ქალაქისთვის და კიდევ უფრო მძიმე იყო დილა, რომელიც გათენდა. ვნახეთ
რეალურად, თუ რა მდგომარეობა იყო – უამრავი გარდაცვლილი ადამიანი,
დანგრეული სახლები, დატბორილი ქუჩები და ზოოპარკის ტერიტორია, დახოცილი
ცხოველები. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო.

ახლაც კი მიჭირს სიტყვებით გადმოცემა და საუბარი იმ დილაზე, თუ რა ხდებოდა დედაქალაქში, თუმცა, გამოჩნდა ახალგაზრდების დიდი ჯგუფი. არ მახსოვს ასეთი სოლიდარობა და ერთსულოვნება, რამაც უდიდესი შედეგი გამოიღო. ქალაქზე შეყვარებული ადამიანების ჯგუფები მოდიოდნენ და ჩართული იყვნენ ქალაქის დასუფთავებასა და გაწმენდაში, რათა მოგვეწესრიგებინა ინფრასტრუქტურა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. ნათელში იყოს ყველა გარდაცვლილის სული. 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE