შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში არ შემოუშვეს

419
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსეთის მოქალაქესთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში არ შემოუშვეს.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოგუზ ინსასთან დაკავშირებით.

2022 წლის 12 ივნისს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან საქართველოს საზღვარზე შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოგუზ ინსა (OGUZ INSA), რაც დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის მიერ მის პასპორტში გაკეთებული შტამპით. აღნიშნულ პიროვნებას „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, ვინაიდან იგი იძლეოდა აშკარად ცრუ და ურთერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ, რაზეც შედგა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.

მეორე დღეს, 13 ივნისს, აღნიშნული მოქალაქე კვლავ გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და მოითხოვა საერთაშორისო დაცვა.
მისი განმარტებით, ის ბრალდებულია რუსეთის ფედერაციაში ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გამო და სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს შინაპატიმრობა საქმის არსებით განხილვამდე.

მისივე განმარტებით, მან დაარღვია შინაპატიმრობის წესები, მოიხსნა ე.წ. ,,სამაჯური” და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ აპირებდა საქართველოში შემოსვლას.
აღსანიშნავია, რომ მასობრივი ინფორმაციის წყაროებიდან ნამდვილად იკვეთება, რომ აღნიშნული პიროვნება არის ბრალდებული ისეთ მძიმე საერთაშორისო დანაშულში, როგორიც არის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საკითხი თანხვედრაში უნდა იყოს საზღვრის კვეთის შესაბამის მოთხოვნებთან. თუკი პირი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, მათ შორის, თუკი პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს ან თუ პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ასეთ პირს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით.

„ლტოლვილთა შესახებ კონვენციის“ (1951 წელი) 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სრულ თანხვედრაშია ამ კონვენციის დებულებებთან, სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას შეზღუდოს უცხოელის ქვეყანაში შესვლა, როდესაც საკითხი ეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას.”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დღეს დილიდან ოპოზიციის მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში არ შემოუშვეს რუსი ბლოგერი, რომელსაც მის ქვეყანაში შიდა პატიმრობა აქვს მისჯილი.

გააკეთეთ კომენტარი
შემოთავაზება - შეიძინე ხელით შექმნილი ქართული ჩანთა, დარეკე: 555 39 94 95 IMG.GE