წყნეთში ბიზნესმენი ლევან კაჭარავა მოკლეს

1234
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

წყნეთში მკვლელობა მოხდა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ბიზნესმენი ლევან კაჭარავა. გავრცელდა უმძიმესი ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ის საკუთარ ავტომანქანაშია მოკლული. არსებული ინფორმაციით მას 20-ზე მეტი ტყვია ესროლა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის მძღოლთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც დაქირავებულმა პირმა, ჩასაფრება მოუწყო და ამის შემდეგ ესროლა.

ლევან კაჭარავას შესახებ ინფორმაცია იძებნება ვიკიპედიაში, რომლის მიხედვით

ის დაიბადა და გაიზარდა თბილისში. დაამთავრა 53-ე საშუალო სკოლა 1986 წელს. 1986—1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე.

ლევან კაჭარავა შპს „ჯორჯიან ტრანზოილის“ დამფუძნებელი იყო, რომელიც შეიქმნა 1994 წელს. შპს „ჯორჯიან ტრანზოილი“ მუშაობის პერიოდში იყო რეგიონის ლიდერი ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობასა და სატრანზიტო გადაზიდვების სფეროში. შპს „ჯორჯიან ტრანზოილი“ იყო ატლანტის ოლიმპიური თამაშების გენერალური სპონსორი 1996 წელს.

1995–1996 წლებში ლევან კაჭარავამ გიორგი რამიშვილთან ერთად დააფუძნა ახალი კომპანია „Silk Road Group“, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო. კომპანია თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: „TOTAL“, „ELFE“, „VITOL“, „ARMOGAR“, „ADDAX-ORYX GROUP“. იმავე წლებში „Silk Road Group“ აფართოებს თავის ბიზნეს არეალს: აფუძნებს ბანკს, ინტერესების სფერო მოიცავს ასევე ბორჯომის მინერალური წყლების წარმოებას, თბილისსა და ბათუმში სასტუმროების მშენებლობას, უძრავ ქონებას, გაყინული პროდუქციის სამაცივრე საწყობებს .

2006 წლიდან კაჭარავა გამოეყო „Silk Road Group-ს“ და დააარსა კომპანიების ჯგუფი „MULTIPLEX“, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროებია ენერგეტიკა და ლოჯისტიკა.

2008 წელს პარტნიორებთან ერთად გამოისყიდა სახელმწიფოსგან თბილისის წყლის კომპანია. 2008 წელს, ჰოლანდიაში მან დააფუძნა ჰოლდინგი, „Multiplex Petrolia“ Logistics Solutions BV.

2013 წლის დასაწყისში, კაჭარავამ ნიდერლანდებში დააფუძნა ჰოლდინგი, „Multiplex Logistics Solutions BV“. კომპანია ახორციელებს ბაქოში ჰოვსანის პორტის ოპერირებას და ფლობს ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას, რომლის მეშვეობით ახორციელებს საზღვაო, საავტომობილო და სარკინიგზო გადაზიდვებს საქართველოდან და საქართველოს გავლით ცენტრალურ აზიაში.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE