საქართველოში C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის შემდეგ 80 ათასი პაციენტი განიკურნა

149
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოში c ჰეპატიტის პროგრამაში ჩართვის შემდეგ 80 ათასი პაციენტი განიკურნა. ამ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს პრეს-სამსახური ავრცელებს.

‘პროგრამა, რომელიც 2015 წელს დაიწყო დიდი წარმატებით სრულდება. პროგრამის ფარგლებში უკვე განიკურნა დაახლოებით ოთხმოცი ათასი C ჰეპატიტით ავადმყოფი, ხოლო ქვეყანაში C ჰეპატიტის პრევალენტობა (გავრცელება) საქართველოს NCDC-ის და აშშ CDC-ის ერთობლივი კვლევების თანახმად შემცირდა 5.4%-დან 1.8%-მდე, რაც ძალიან კარგი შედეგია. პროგრამის დასრულება და შესაბამისად ქვეყანაში C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია დაგეგმილია 2025 წლისთვის.

ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც იმართება ქალაქ ლონდონში ა.წ. 22-26 ივნისს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/კ ცენტრიდან მიღებულია სამი პოსტერ-მოხსენება, რომლებიც ეხება საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საკვანძო საკითხებს, როგორიცაა: პროგრამის მკურნალობის კომპონენტის ხუთი წლის შედეგების შეჯამება; C ჰეპატიტის მკურნალობის იმპლემენტაცია პირველადი ჯანდაცვის რგოლში და სხვ. პოსტერ-მოხსენებები წარდგენილი იყო ა.წ. 23 და 24 ივნისს შერჩეული მოხსენებებისათვის მოწყობილ პოსტერ-ტურზე ცენტრის წამყვანი თანამშრომლის, პროფესორი აკაკი აბუთიძის მიერ.

მოხსენებებმა კონგრესის მონაწილეებისა და წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველო უპირობო ლიდერია მსოფლიოში C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე.

სიმბოლურია, რომ ეს კონგრესი ტარდება იმავე ქალაქში და იმავე კონგრეს-ცენტრში, სადაც 8 წლის წინ 2014 წლის აპრილში ჩვენ პირველად მოვახსენეთ საქართველოს ინიციატივის შესახებ C ჰეპატიტის ელიმინაციასთან დაკავშირებით და სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველო გამხდარიყო C ჰეპატიტის ელიმინაციის დარგში მსოფლიოში პირველი, სამოდელო ქვეყანა.  “– აღნიშნულია ინფექციური საავადმყოფოს პრეს-სამსახურის რელიზში.

გააკეთეთ კომენტარი
IMG.GE