ტელეკომპანია “იმედი’ ტელეკომპანია “სეზონს” უჩივის

გაზიარება

ტელეკომპანია “იმედი”,  ტელეკომპანია “სეზონს” უჩივის.

საკითხი ეხება ნიკოლოზ მჟავანაძის გადაცემას, სადაც, არხის ცნობით, მათი მასალა უკანონოდ გამოიყენეს, გარდა ამისა, შეუცვალეს აღწერა.

ტელეკომპანია „იმედი“ „სეზონი ტვ“- ის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივის. საქმე ეხება რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი „სეზონი ტვ“-ის მიერ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო მასალის უკანონოდ და დამახინჯებით გამოყენებას.

კერძოდ, რუსეთის პროპაგანდისტმა „სეზონი ტვ“-მ „ტელეიმედის“ მასალას შეუცვალა აღწერა და დააწერა „ამერიკის მარწუხებისგან გათავისუფლების პროცესი დაიწყო“, შემდეგ კი თავის ეთერში გაუშვა.

ამასთან დაკავშირებით შპს „ტელეიმედმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა.

„გაცნობებთ, რომ ე.წ. „სეზონი ტვ“ – ის საეთერო ბადეში განთავსდა შპს „ტელეიმედის“ მიერ დამზადებული მასალა საავტორო კანონმდებლობის სრული იგნორირებით, ავტორის თანხმობის გარეშე.

მეტიც, სამართალდამრღვევმა, გარდა იმისა, რომ მოახდინა მასალის რედაქტირება (როგორც ვიზუალური, ისე შინაარსობრივი კუთხით), რაც წარმოადგენს დამატებით კანონდარღვევას, მან ასევე საქართველოს კონსტიტუციისა და მისი სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ დაამახინჯა საინფორმაციო მასალის შინაარსი და მის მაყურებელს შეუქმნა შეცდომაში შემყვანი განცდა, თითქოს ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი შინაარსის გამავრცელებელი ორიგინალი მასალის ავტორია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვთ, მოახდინოთ დროული და უმკაცრესი რეაგირება კანონდამრღვევის მიმართ.

დამატებით ასევე გაცნობებთ, რომ ჩვენთვის უცნობია, ეწევა თუ არა აღნიშნული კანონდამრღვევი პირი ჩვენი სხვა მასალის ექსპლუატაციასაც, რის გამოც გთხოვთ, კანონდამრღვევის დასჯასთან ერთად მოახდინოთ ზემოხსენებული ე.წ. ტელეარხის ეთერის მონიტორინგი და დასაჯოთ ის ჩვენი მასალის უკანონო გამოყენების ყველა სხვა ეპიზოდისთვის“, – აღნიშნულია „ტელეიმედის“ მიერ კომუნიკაციების კომისიისთვის გაგზავნილ წერილში.

“იმედი”-ს საჩივარს, საჩივარითვე პასუხობს ტელეკომპანია “სეზონი”, როგორც გადაცემის წამყვანი,  ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, ისინი, პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლებენ ტელეკომპანია “იმედს”.