ხატია დეკანოიძის თქმით, ნიკა გვარამიას თავისუფლება მნიშვნელოვანია ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად

198
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ხატია დეკანოიძის თქმით, ნიკა გვარამიას თავისუფლება მნიშვნელოვანია ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად.

ამ საკითხზე მან 2 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლოში, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ისაუბრა.

მანვე მოუწოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია.

„ნიკას თავისუფლება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ნიკას თავისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, ვინაიდან ნიკას თავისუფლება პირდაპირ წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ასევე, პირდაპირ წერია 12 პუნქტში, რომ მედიათავისუფლებისთვის ნიკას თავისუფლება არის მნიშვნელოვანი.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკას დამოკიდებულება ვიცი ამ საკითხისადმი, მინდა, პრეზიდენტს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და მიმართვის შემთხვევაში, რასაც ჩვენ მოვიფიქრებთ (ეს არის პარტნიორებთან განსახილველი საკითხი), აიღოს პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს. ეს არ ეხება მხოლოდ მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ეს ეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, თორემ ნიკა გვარამია თავისუფალია. მან აჩვენა ყველაზე უფრო გამორჩეული მხნეობის მაგალითი. უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც იგი [პრეზიდენტი] მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს პასუხისმგებლობის აღებისკენ, ახლა დროა, მან საკუთარი პასუხისმგებლობა გაითავისოს და გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

IMG.GE
გაზიარება