სახალხო დამცველის პოზიციაზე ნაზი ჯანეზაშვილი საკუთარ  კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა გასაუბრებაზე მისვლას არ აპირებს

217
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სახალხო დამცველის პოზიციაზე ნაზი ჯანეზაშვილი საკუთარ  კანდიდატურას არ ხსნის, თუმცა გასაუბრებაზე მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

“გასაუბრებაში მონაწილეობას არ ვაპირებ, თუმცა არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას.
პირველ რიგში მადლობას ვუხდი არასამთავრობო ორგანიზაციებს და პარლამენტის წევრებს მხარდაჭერისა და წარდგენისთვის, სამუშაო ჯგუფს კი ჩემი კანდიდატურის დადებითად შეფასებისთვის. განსაკუთრებული მადლობა მედიას, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა პროცესის გამჭვირვალობისთვის.

ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ ახალ სახალხო დამცველად დაინიშნოს დამოუკიდებელი და ზეგავლენებისგან თავისუფალი ადამიანი გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე.

შესაბამისად, ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილება, მიმეღო სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობა, სწორედ, აქედან გამომდინარეობდა. თავიდანვე ვაცხადებდი, რომ ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით მქონდა რეალისტური მოლოდინები, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი ძალა კარგად არის ინფორმირებული ჩემი საქმიანობისა და კრიტიკული მოსაზრებების შესახებ სასამართლოში არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში. თუმცა მივიჩნიე, რომ ეს შემთხვევა შესაძლოა, ყოფილიყო გამონაკლისი და საპარლამენტო უმრავლესობას ყველა ზომა მიეღო 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად.
სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესმა არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ის რეალურად ისახავს მიზნად მიუკერძოებელი და პრინციპული სახალხო დამცველის შერჩევას.

დეკლარირებულად პროცესის ამოცანაა მიუკერძოებელი კანდიდატის გამოვლენა, თუმცა აშკარა არის, რომ ხელისუფლება ეძებს მისდამი ლოიალურად განწყობილ სახალხო დამცველს. ამაზე მეტყველებს შეკითხვები, რომლებიც ემსახურება კანდიდატებისგან ახსნა-განმარტებების მიღებას, წარსულში ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებების გამო. სამწუხაროდ, ამან კამპანიური ხასიათი მიიღო.

გადავწყვიტე, უარი ვთქვა გასაუბრებაში მონაწილეობაზე, თუმცა არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. პარლამენტის წევრებისთვის კარგად არის ცნობილი ჩემი გამოცდილება და შესაძლებლობები, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ ტიპის გასაუბრებაში მონაწილეობა ან არმონაწილეობა, გადამწყვეტი ფაქტორია სახალხო დამცველის ასარჩევად.

მინდა კიდევ ერთი გარემოება გამოვყო, კერძოდ, სახალხო დამცველის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში გამოიკვეთა ინტერესთა კონფლიქტი. ცნობილია, რომ ერთ-ერთი კანდიდატი ამავდროულად არის საქართველოს პარლამენტის წევრი და წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას. იაგო ხვიჩია თავის პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად მონაწილეობს კონკურენტი კანდიდატების გასაუბრებაში, რისთვისაც ის იყენებს საპარლამენტო მანდატს.

ის ასევე გადაწყვეტილებას მიიღებს კონკურენტი კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით. რასაც ემატება ის ფაქტი, რომ განსხვავებული ფორმატით დაიგეგმა მისი გასაუბრება – გუშინ, 3 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტიდან მივიღეთ შემოთავაზება დავესწროთ იაგო ხვიჩიას გასაუბრებას და მას დავუსვათ შეკითხვები. სხვა კანდიდატების შემთხვევაში ასე არ მომხდარა.

ამავდროულად კითხვებს აჩენს ორმაგი სტანდარტი, ერთი მხრივ, სხვა კანდიდატებისგან მოითხოვენ, რომ ისინი არ იყვნენ პოლიტიზებულები, მაგრამ ამავდროულად სათანადო შეფასება არ ეძლევა იმას, რომ ერთ-ერთი კანდიდატი არის პოლიტიკოსი. რაც ვფიქრობ, რომ პროცესის დისკრედიტაციას და უნდობლობას იწვევს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ეუთოს (ODIHR) მიერ შეფასებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი. იუსტიციის საბჭოს მდივანმა, რომელიც იმავდროულად იყო განმცხადებელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, მოახდინა თვითაცილება კანდიდატთა წარდგენის პროცესის ეტაპიდან. მაგრამ ვინაიდან ის ინარჩუნებდა საბჭოს მდივნის თანამდებობას, კითხვები ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე მაინც ძალაში დარჩა.”- წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

IMG.GE
გაზიარება