რადიო „თავისუფლების” ქართული გამოცემა ყველაზე მდარე ბულვარულ და ყვითელ პრესას დაემსგავსა – გიორგი კალანდია

600
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რადიო „თავისუფლების” ქართული გამოცემა ყველაზე მდარე ბულვარულ და ყვითელ პრესას დაემსგავსა – წერს სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია.

„იშვიათად ვყოფილვარ ასეთი აღშფოთებული! სამწუხაროდ, რადიო „თავისუფლება” (ქართული გამოცემა) ყველაზე მდარე ბულვარულ და ყვითელ პრესას დაემსგავსა!
ნახეთ, ქართველობას როგორ მოგვილოცეს 7 ნოემბერს ერეკლე მეფის დაბადების დღე?! ამაზრზენი და უხეირო ჭორით! რატომ გახდა ამ ბინძური და სამარცხვინო ტყუილის მაინც და მაინც დღეს გამოქექვა და გამოქვეყნება საჭირო?!

რუსული ნარატივით გაჟღენთილი XIX საუკუნის ეს სიბინძურე მაშინ ქართველობისათვის ერეკლე მეფის შეძულებას ისახავდა მიზნად! დღესაც, მიზანი იგივეა!

დღეს, როცა მთელი საქართველო სახელოვანი მონარქის დაბადების დღეს ბატონის ციხეში დიდი გამოფენითა და ახლად გამოცემული უნიკალური ალბომით ზეიმობს, ქართული პრესა (თუ ამას პრესა ჰქვია) სამშობლოში ქართველობას ამ ბინძური ჭორით ულოცავს პატარა კახის დაბადების დღეს!

ეს ის პატარა კახია, რომელიც ინგლისელებმა გმირ ჰერაკლეს შეადარეს, ირლანდიელებმა ” ახალი ჰერკულესი” უწოდეს, პორტუგალიელებმა და პრუსიელებმა “აღმოსავლეთის ლომად” შერაცხეს! სულმნათი და ნეტარხსენებული მეფე ერეკლე, რომელიც ქართველობამ დაჩეხილი და ასგზის ნაიარევი სხეულით დაკრძალა და სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში დაფლულ საქართველოს “ცხელ გულად” მიიჩნია… ” ბრწყინვალე მეფე საქართველოისა” – ეს კი ილია ჭავჭავაძის სიტყვებია! ასე რომ, გრცხვენოდეთ ამ ამაზრზენი პასკვილის გამოცხობისა და გავრცელებისათვის, ბატონებო! ეს ქართველობასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც წარმატება არ უწერია“.– წერს გიორგი კალანდია და პოსტში ურთავს რადიო “თავისუფლების” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ფოტო-ვერსიას, ე.წ “სქრინს”.

IMG.GE
გაზიარება