არასამთავრობოებისა და მედიის წარმომადგენლები შარლ მიშელს მიმართავენ, რომ სალომე ზურაბიშვილთან უშუამდგომლოს

774
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური მედიასაშუალებების წარმომადგენლები წერილით მიმართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რათა პირადად  უშუამდგომლოს და მიმართოს საქართელოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა შეიწყალოს პატიმარი ნიკა გვარამია.

2022 წლის 2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო  სასამართლომ პატიმრობაში დატოვა  ნიკა გვარამია, დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და დირექტორი. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ხოლო მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები უსაფუძვლოა. ამაზე მიუთითებდა საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სასამართლოში წარდგენილი დამოუკიდებელი მოსაზრებებიც.

ვფიქრობთ, რომ ნიკა გვარამია დღეს პატიმარია მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ხელისუფლების ხმამაღალი კრიტიკოსი და აქვს დიდი გავლენა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. მის მიერ შექმნილი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ კი სხვა ტელეკომპანიებთან ერთად, ხელისუფლების მხრიდან თავდასხმისა და შევიწროვების მუდმივი ობიექტია.  

ვფიქრობთ, რომ ნიკა გვარამიას პოლიტიკური მოტივით დაპატიმრება უდიდესი დაბრკოლებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც ცალსახად გმობს მისი დაპატიმრების ფაქტს და საქართველოს ხელისუფლებას რეალური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. 
საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული მძიმე გამოწვევების ფონზე და კრიტიკული მედიის მიმართ „ქართული ოცნების“ აგრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით, არ ველით, რომ ნიკა გვარამიას უფლებები დაცული იქნება უზენაეს სასამართლოში.

ერთადერთ გზად მისი უსამართლო პატიმრობის აღსაკვეთად პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება გვესახება. საქართველოს პრეზიდენტს უკვე არაერთმა საზოგადოებრივმა თუ პოლიტიკურმა ჯგუფმა მიმართა ამ თხოვნით.
ვფიქრობთ, თქვენმა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთგული მხარდამჭერის მიმართვამ შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გადაადგმევინოს ჰუმანური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, შეიწყალოს კრიტიკული მედიის დირექტორი და პატიმრობიდან გაათავისუფლოს უდანაშაულო ადამიანი.

ბატონო მიშელ, თქვენი შუამდგომლობა სერიოზულ წვლილს შეიტანს  საქართველოში სიტყვის თავისუფლების დაცვაში და ძალას შემატებს ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროპისაკენ.”ნათქვამია მიმართვაში., რომელსაც ხელს აწერენ:

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი /Institute for Development of Freedom of Information
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია /Georgian Charter of Journalistic Ethics
  • ღია საზოგადოების ფონდი /Open Society Foundation
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო  / International Society for Fair Elections and Democracy
  • სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება /International Society for Fair Elections and Democracy
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია /Georgian Young Lawyers Association
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democratic Initiative
  • მედიაკლუბი / Mediaclub
  • მედიის განვითარების ფონდი / Media Development Fund
  • მედიაომბუდსმენი /Mediaombudsman
  • მაუწყებელთა ალიანსი /  Alliance of Broadcasters
  • სატელევიზიო ქსელი / TV Network
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია  / Georgian Regional Media Association
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია / Georgian Association of Small and Medium Telecommunication Operators
  • მთავარი არხი /
  • ფორმულა /
  • ტელეკომპანია პირველი /
  • რადიოკომპანია “ძველი ქალაქი”
IMG.GE
გაზიარება