პირველი არხის პირველი დიქტორი ლია მიქაძე გარდაიცვალა

262
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

86 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის პირველი დიქტორი ლია მიქაძე.

ლია მიქაძე 1936 წლის 3 მაისს, თბილისში დაიბადა. 1954 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოხვდა.

1956 წელს, როდესაც საქართველოს პირველი ტელეხედვის მოწყობა დაიგეგმა და დიქტორების (წამყვანების) ძებნა დაიწყეს, მიხეილ თუმანიშვილმა პირველკურსელ ლია მიქაძეს კონკურსში მონაწილეობა ურჩია.

კომისიამ ის ალექსანდრა მაჭავარიანთან ერთად შეარჩია და დიქტორად დანიშნა. 1956 წლის 30 დეკემბერს, როდესაც საქართველოს პირველი ტელევიზია გაიხსნა, ეკრანიდან მაყურებელმა პირველი ლია მიქაძე დაინახა. მიქაძე საქართველოს ტელევიზიაში 2004 წლამდე მუშაობდა.

2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ლია მიქაძეს, ჯულიეტა ვაშაყმაძეს და ალექსანდრა მაჭავარიანს

Multimedia.ge უსამძიმრებს ლია მიქაძის ოჯახსა და ახლობლებს.


იხილეთ მეტი ლია მიქაძის შესახებ ვიდეოში:

IMG.GE
გაზიარება