ნიკა გვარამია ევროკომისრის განცხადებებით იმედგაცრუებულია

2066
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიერ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ხელისუფლების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს იმედის გამაცრუებლად მიიჩნევს.

“ევროკომისარ ვარჰეის დღევანდელი განცხადებები საქართველოში დემოკრატიული პროცესების პოზიტიური განვითარების შესახებ დამაბნეველი და იმედის გამაცრუებელია. ეჭვგარეშეა, თუ როგორ იქნება ეს გზავნილები გამოყენებული სამთავრობო პროპაგანდის მიერ: „ქართული ოცნების“ უმძიმესი ავტოკრატიული მმართველობა ევროკავშირის სახელითვე გამოცხადდება ევროკავშირისთვის მისაღებ მმართველობად და უარესი – მთავარი გზავნილი იქნება, რომ მნიშვნელოვანი არ არის არც ევროპარლამენტის, არც სხვა ევროსტრუქტურების თუ საერთაშორისო აქტორების განცხადებები და პოზიცია, რადგან ოლიგარქი ივანიშვილი ბოლოს მაინც ყველაფერს დაალაგებს. ასევე არ იწვევს ეჭვს – ივანიშვილის უძლეველობის მითის განსამტკიცებლად მძიმედ იქნება ექსპლუატირებული ის გარემოებაც, რომ კომისარი ვარჰეი EPP-დან გარიცხული უნგრეთის პრეზიდენტის, ვიქტორ ორბანის გუნდის წევრია და პრემიერი ღარიბაშვილი რამდენიმე დღის წინ სწორედ ორბანს შეხვდა და ორბანმა მას (ანუ ივანიშვილს და არა საქართველოს) მხარდაჭერა აღუთქვა.

სამწუხაროდ, გარდაუვალია ამ არაჯანსაღი სამთავრობო პროპაგანდისტული გზავნილების მასიური ცირკულაცია იმ მიზნით, რომ მძიმედ დაზიანდეს როგორც ქართული პროდასავლური საზოგადოება, ასევე საკუთრივ ევროპული ინსტიტუტების ავტორიტეტიც”- წერია პოსტში, რომელიც ნიკა გვარამიას სახელით მისსავე ფეისბუქზე.

ამ თემაზე:

ვხედავ განვითარებას საქართველოში, ეკონომიკა ყვავის – ოლივერ ვარჰეი (ვიდეო)

ვერცერთ კონკრეტულ ადამიანს ვერ შეეხება დეოლიგარქიზაციის კრიტერიუმები – ოლივერ ვარჰეი (ვიდეო)

IMG.GE
გაზიარება