ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ (ვიდეო)

1038
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე ბრიუსელში იმყოფებიან, სადაც შეხვედრებს მართავენ.

შეხვედრებზე განიხილება საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ასევე პოლიტიკური კურსი, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხები.

“ბრიუსელში ვიზიტი და საუბარი გადაწყვეტილებების მიმღებებთან, რომლებიც განსაზღვრავენ ევროპულ, დასავლურ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ძალიან ახლოს არის ორივე შედეგთან – ან მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ან სამწუხაროდ, უარი გვითხრას დასავლეთმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, გამომდინარე ჩვენი ხელისუფლების მიერ დაკავებული პოზიციიდან.

ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელ დღეს აქ გასამართი და გამართული შეხვედრები არის მეტად მნიშვნელოვანი ვინაიდან, ნებისმიერი სივრცე, რაც ჯერ კიდევ არსებობს იმისათვის, რომ გადავარჩინოთ შანსი, ქვეყანა, სახელმწიფო დარჩეს იმ გზაზე, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ევროპულ დიდ ოჯახამდე, უნდა იქნეს გამოყენებული და აქ ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვანია დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირება, რაზეც გვაქვს საუბარი, რასთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ ხვალ, როგორც ევროპარლამენტარებთან, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, ასევე ყველა აღმასრულებელი რგოლის წამყვან, მთავარი თანამდებობის პირებთან და რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრებთან – მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობის ერა და ეპოქა“ – ამბობს ნიკა მელია.

“გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები აღმასრულებელ ორგანოებში და ხვალიდან გვექნება საპარლამენტო წარმომადგენლობასთან. ძირითადად განიხილება ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი წუხილია. პირველი – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა, ჩვენ მივაწოდეთ ბოლო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, იმ დიაგნოზზე, იმ ძალიან შემაშფოთებელ ინფორმაციებზე, რომლებიც ვრცელდება და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ის გადარჩეს.

ამაზე, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი პარტნიორი თანხმდება; მეორე – ნიკა გვარამიას პატიმრობა. ის, რომ 12 პუნქტის შესრულება, მათ შორის მედიათავისუფლების ნაწილში, ნიკა გვარამიას განთავისუფლების მიმართულებით არის საქართველოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობა და ჩვენ ამაზეც ბევრი ვისაუბრეთ და მესამე – 12 პუნქტის შესრულება. პრაქტიკულად გავიარეთ ყველა პუნქტი – რა უნდა შესრულებულიყო და რას არ აკეთებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. დავიწყოთ იქიდან, რომ მათ დეპოლარიზაციის შემცირება არ სურთ, მეორე – დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ფარსი, და რეალურად, სასამართლოს მიმართულებით რომ კონკრეტულად არცერთი რეკომენდაცია არ შესრულებულა. ზოგადად, მათი დამოკიდებულებაც არის შემდეგი, რომ თუ საქართველო ამ შანსს არ გამოიყენებს, ვგულისხმობ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ძალიან მალე, რა თქმა უნდა, ეს იქნება, პრაქტიკულად, წლების განმავლობაში ხელიდან გაშვებული შანსი. ამიტომ, ჩვენს პარტნიორებთან კონკრეტულად ვმსჯელობთ იმაზე, თუ კიდევ რა მექანიზმები შეიძლება იქნას ამოქმედებული ამ 3 მნიშვნელოვანი პრიორიტეტის შესასრულებლად – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ნიკა გვარამიას გათავისუფლება და 12 პუნქტი.” – ამბობს ხატია დეკანოიძე

IMG.GE
გაზიარება