საკუთარ დანაშაულებს მიხედეთ, ყველაფერს გაგახსენებთ – მაია ნადირაძე თინა ხიდაშელს

754
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი მაია ნადირაძე თინა ხიდაშელს პასუხობს, რომელმაც ნადირაძის მიერ სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა:

“წესად არ მაქვს ბრიყვებს პასუხები გავცე, მაგრამ ამჯერად სხვა გარემოებაა.
ტვ პირველის ეთერში ჩემ ნათქვამს გამოხმაურებია თინა ხიდაშელი. როგორც ჩანს, პოლიტიკური ბეცის ამპლუაში ყოფნამ ააღელვა და, არც მეტი და არც ნაკლები, რაკი სხვა ვერაფერზე რეაგირებს, ისევ “გირგვლიანის საქმეს” მიახტა.

აქვე ვიტყვი, რომ ყველაფერი, რისი თქმაც მინდოდა, ვერ მოვახერხე ობიექტური მიზეზის გამო – ანუ, სათანადოდ ვერ გამოვხატე წუხილი და სინანული. ასევე არ მითქვამს მსგავს საქმეებზე ივანიშვილის ყოფილი ადეპტების გულგრილობაზე და მათ პათოლოგიამდე მისულ ობსესიურობაზე.

ვწუხვარ, ვწუხდი და მუდმივად შემაწუხებს ეს ამბავი, განსხვავებით პოლიტიკურად ბეცი ყოფილი თავდაცვის მინისტრისგან, რომლისთვისაც ეს ტრაგედია პოლიტმუშაკური ფინტია.

ეს ის მინისტრი და საზოგადო მოღვაწეა, რომელიც რუსი ოლიგარქით ისე იყო აღფრთოვანებული, რომ ვერ “შეამჩნია” მისი მინისტრობის დროს როგორ გააცუკცუკეს ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების სია სამინისტროდან და მტერს გადასცეს (არც გაბედოთ თქვათ, რომ ეს მერე მოხდა – მერე გამჟღავნდა, თორემ მოხდა “დიდი თინას” დროს).

საკუთარ დანაშაულებს მიხედეთ და თან ისეთს, მონანიებას რომ არ ექვემდებარება.
და ვიდრე ღმერთს ახსენებთ და თავში ხელს შემოირტყამთ, პატივცემულო თინა, რომ თურმე ჩემნაირების ლეგიონია ქვეყანაში, საკუთარ მანქურთებს გადაავლეთ თვალი და გაიხსენეთ ვისი მეცადინეობით ვართ ამ დღეში, სადაც ვართ.

თუ რამე არ გახსოვთ, არ დაგზარდებით და ყველაფერს გაგახსენებთ.”– წერს მაია ნადირაძე.

იხილეთ თინა ხიდაშელის პოსტი მაია ნადირაძეზე:

მაია ნადირაძემ კი ტვ “პირველი”-ს ეთერში, სანდრო გირგვლიანის საქმეზე საუბრისას თქვა:

„ყველაფერს მივედ-მოვედოთ და არაფერი ვთქვათ, მოდი, ვთქვათ. ყველაფერი თვლადია, ხომ. ერთი გირგვლიანი  შეიძლება, ვიძახოთ იმდენ ხანს, რომ… ეს იყო, ვაღიარეთ ყველა თვალსაზრისით, ყველა საკანონმდებლო ინსტანციით, ყველაფერი გავაკეთეთ, როგორც კანონით იყო, ხომ. არა, ეგრე არა, უნდა ჩამოგეხრჩოთო, სააკაშვილი უნდა დაგეკიდათ ფეხებითო, მოთხოვნა იყო ეს. ხომ თვლადია ყველაფერი. ერთ გირგვლიანზე, თუ კიდევ ვიღაცას ამბობენ ხოლმე ერთს. მას შემდეგ რამდენი ასეთი მოხდა. ის ხალხი რატომღაც ასე არ რეაგირებდა“, – განაცხადა მაია ნადირაძემ.

IMG.GE
გაზიარება