ნუ დაუჯერებთ ყალბ გვერდებს, სადაც საჩუქრებს გპირდებიან

260
წაკითხვა/ნახვა

ბოლო პერიოდში ქართულ ფეისბუქ სივრცეში მრავლად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცნობილი ბრენდების გაყალბებული სახელწოდებებით ქმნიან ფეისბუქ გვერდებს და მომხმარებლებს საჩუქრებს ჰპირდებიან, თუ ისინი მათ პოსტს გააზიარებენ ჯგუფებში.

თუმცა, სინამდვილეში, ეს არის დიდი ტყუილი და არავინ არაფერს არ გაჩუქებთ, თქვენ კი უფასო სამუშაოს ჩაგატარებინებენ და ჯგუფებში გაზიარებით დაიღლით თავს იმ იმედით, რომ გაჩუქებენ მაცივარს, სარეცხის მანქანას, საკერავ მანქანას, ავტომობილს თუ ბინას.

იმისათვის რომ დაადგინოთ, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ამა თუ იმ გვერდის ინფორმაცია, პირველ რიგში უნდა გადაამოწმოთ ამ გვერდის დასახელება და დამადასტურებელი ლურჯი ღილაკი, რაც იმას ნიშნავს, რომ გვერდი ნამდვილად ეკუთვნის კომპანიას, რომელსაც ენდობით.

ასე მაგალითად: კომპანია “ბეკო”-ს ოფიციალური გვერდის დასახელება ასეთია: Beko, რომელსაც გვერდს უმშვენებს ნამდვილობის დამადასტურებელი ლურჯი ღილაკი, შესაბამისად თუ წააწყდით გვერდს, რომელსაც აწერია Bekoo, Bekoo georgia fans ან მსგავს დასახელებას, იცოდეთ, რომ ეს არის ყალბი და ნუ გააზიარებთ მათ ინფორმაციას და ნუ დაიღლით თავს.

ასევე, ყურადღება მიაქციეთ ფეისბუქ გვერდის მოწონებების რაოდენობას, თუ ცნობილი ბრენდის სახელის მქონე გვერდს წააწყდით, მას სოლიდური რაოდენობის მოწონებაც უნდა ჰქონდეს.

ახლა კი გაჩვენებთ ნამდვილი და ყალბი გვერდების ფოტოვერსიებს:

პირველ ფოტოზე არის “ბეკო”-ს ოფიციალური გვერდი, რომელსაც 7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და ეჭვსაც არ იწვევს, რომ ეს ნამდვილია, ვინაიდან აქვს დამადასტურებელი ლურჯი “ბეიჯი” ე.წ “პწიჭკა”


მეორე ფოტოზე კი ხედავთ  “ბეკო”-ს სახელით გაყალბებული გვერდის ფოტოს, რომელსაც სულ რაღაც 1100 მოწონება აქვს და ისიც იმ ადამიანების წყალობით, ვინც მოტყუვდა და საჩუქრების იმედად გვერდი მოიწონა ან გააზიარა ჯგუფებში.

უცნობია, თუ ვინ დგანან ამ თაღლითური გვერდების უკან, თუმცა, თუ ტექსტებს დაუკვირდებით, ადვილი სავარაუდოა, რომ ისინი არ არიან ქართველები და მათი მიზანი გვერდზე მოწონებების მომატებაა, რომელსაც საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ, თუმცა, ხელოვნურად მომატებული მოწონებები, სულაც არ ნიშნავს რამე საქმის წარმატებას და ამაში მალევე დარწმუნდებიან, როდესაც ძალით მოზიდული აუდიტორიისგან ვერ მიიღებენ იმ შედეგს, რასაც ელოდნენ.

IMG.GE
გაზიარება