შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მეგობარს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც მეორე დღეს წამოხტა ეტლიდან – ირაკლი კობახიძე

292
წაკითხვა/ნახვა

“მე შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ მეგობარს, იულია ტიმოშენკოს, რომელიც ციხიდან გამოვიდა  ეტლით და ეს იყო მისი პირველი და ბოლო მისი გამოჩენა ეტლით, მეორე დღეს წამოხტა ქალბატონი ტიმოშენკო ეტლიდან”- განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, როდესაც კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

კობახიძის თქმით, სააკაშვილი სიმულიანტობს, ამის მაგალითად კი უკრაინის ყოფილი პრემიერი, იულია ტიმოშენკო მოიყვანა, რომელიც წლების წინ პატიმრობაში იყო.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობისთვის” არის ბოლო იმედი ქვეყნის ასარევად.

“ხომ არ გვაქვს ასეთივე სიმულაციასთან ჩვენ საქმე ამ შემთხვევაშიც? ერთადერთი, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება გინდათ ისაა, რომ ეს არის თქვენი ბოლო იმედი, რომ ქვეყანაში ვითარება რაღაცნაირად არიოთ. ამისთვის ჩამოიყვანეთ და ჩამოიყვანეს ვიღაცებმა საქართველოში სააკაშვილი – მიზანი იყო საქართველოში ვითარების არევა და მეორე ფრონტი.

მაშინ ეს ყველაფერი ვერ გააკეთეთ და ახლა გინდათ მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით სცადოთ ქვეყნის არევა. ამის საშუალებას არ მოგცემთ! რაც შეეხება პატიმრის გათავისუფლებას, ეს ხდება კანონით დადგენილი წესით და ამაზე პასუხისმგებლები შესაბამისი უწყებები არიან. მაგრამ თქვენ რომ ამას პოლიტიკურად ითხოვთ, რისი კანონიერი უფლებაც არ გაქვთ, ეს არის კიდევ ერთი ბოლო მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით არიოთ ქვეყანა. ამის საშუალებას არ მოგცემთ – ეს არის ჩვენი მარტივი პოლიტიკური პასუხი თქვენ მიერ განხორციელებულ სპეკულაციებზე, რაც დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

IMG.GE
გაზიარება